logo
ENG



სააკაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს "ივანიშვილის თამაშს" უწოდებს

17 ოქტ 202319:22
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს "ივანიშვილის თამაშს" უწოდებს

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს "თამაშს" უწოდებს და აცხადებს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილს ზურაბიშვილის ირგვლივ ახალი პროექტის შექმნა სურს.

მისი თქმით, როცა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ზურაბიშვილს "მიეწერება", რითაც ქართული ოცნების დამფუძნებელი რუსეთის თვალში "პასუხისმგებლობას მოიშორებს".

"ყველა, ვინც რუსული ტექნოლოგიით დადგმულ ივანიშვილის თამაშში ზურაბიშვილის პროექტის "გარშემო აქტიურ" მონაწილეობას იღებს, ან სულელია, ან თავს ისულელებს. ამ ეტაპზე "იმპიჩმენტის" მიზანია პოტენციური პროტესტებისთვის ნამდვილი თემების გადაფარვა, ახლა "იმპიჩმენტი" ჩავარდება, სალომე ბილეთს აიღებს, წავა ევროპაში და მას მიაწერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ევროკავშირს მართლაც გადაწყვეტილი აქვს გარკვეული დათქმებით სტატუსის მინიჭება და ეს მიეწერება სალომეს, რითაც ივანიშვილი რუსების თვალში პასუხისმგებლობას იშორებს. მომავალ არჩევნებში ოცნება რომ უმრავლესობას ვერანაირად ვერ დაიწერს, ეს ოლიგარქმა იცის და იქ ძირითად ვარიანტად განიხილავს სალომეს გარშემო ახალი პროექტის შეკვრას და ჩემთან დაკავშირებული ძირითადი ძალის იზოლირებას.

ის, რომ ეს ყველაფერი თამაშია, მარტივად იშიფრება, ეს ყველაფერი, რაც ივანიშვილს დასჭირდა სალომემ გააკეთა ფარცხალაძესთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის კანდიდატებზე, ჩემს საკითხში, არა მხოლოდ გაშვების არ გაშვების, არამედ "პიჯაკების საქმეზე" საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფით "საიდუმლოს" არ მოხსნაზე.

ეს ყველაფერი იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ოლიგარქია ასე ჭკვიანი, არამედ იმაზეც, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საკუთარი სისუსტის გამო იღებს ამ თამაშის წესებს. ეს არ ეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების პლატფორმას და რამდენიმე სხვა გამონაკლისს", - წერს ის.

სააკაშვილი ეხმაურება სოფო ჯაფარიძის მიერ დაანონსებულ აქციასაც და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, ახლა საზოგადოება აქტიური უნდა იყოს, რადგან "ხალხის რაოდენობას და გამბედაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს". ის აღნიშნავს, რომ ეს მზარდი ტალღა აუცილებლად "წალეკავს ოლიგარქის მიერ აშენებულ ხელოვნურ ჯებირებს".


close დახურვა